რენესანსი კაცობრიობის ისტორიისბედნიერი გაზაფხულია. ამ ახალმა გაზაფხულმა სამხრეთიდან ჩრდილოეთის ქვეყნებსაც ტრიუმფაულური ეტლით გადაუქროლა და თავის ნათელ გზაზე უთვალავი უჭკნობი ყვავილი დააფრქვია.
ტიტანთა საუკუნის შუქმა ჩრდილოეთ ევრიპაც გადაანათა. ჩრდილოეთის აღორძინება იყო ის დიდი სოციალურ-კულტურული მოვლენა, რომელმაც მოგვცა ფორმითა და შინაარსით ახალი დიდი ხელოვნება. დიდი აღორძინების საწყის მიჯნად აღიარებულია 500 წელი. მას წინ უძღოდა ადრეული რენესანსი, რაღაც სამი ათეული წლის შემდეგ მოსდევს გვიანი რენესანსი, რენესანს-მანიერიზმი (1530-1600) და ბაროკოდ წოდებული დიდებული მეფური ხელოვნება.
რენესანსი, ახალი დროის დიდი ხელოვნებაა იტალიაში გაიფურჩქნა და ამას ხელი შეუწყო არა ამა ქვეყნისათა მფარველობამ, არამედ თვით იტალიელი ხალხის გამორჩეულმა გენიამ, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებში ხედავდა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, ეძებდა მის შინაგან კანონებს, ქმნიდა თეორიას, სწავლობდა ანტიკას, ანატომიას, პროპორციას, პერსპექტივას და ა.შ. ანონიმური ოსტატების ნაცვლად ასპარეზზე გამოდიან ძალუმი, ცნობისმოყვარე პიროვნებანი, რომელნიც სურათებს სახელს აწერდნენ. რომელთა ცხოვრებას სხვები აღწერენ, როგორც სარდალთა, მეფეთა, მწერალთა ცხოვრებას.
ჩრდილოეთის რენესანსს, ზოგადად, ბევრი რამ ქონდა საერთო იტალიურ აღორძინებასთან, ეს იყო თვისებრივად იგივე მოვლენა, ადამიანის განდიდება, რწმენის ტრიუმფი, გენიის აღიარება, მაგრამ ჩრდილოეთს მაინც ბევრი სპეციფიკური მხარე აღმოჩნდა-ეროვნული თუ წმინდა, შემოქმედებითი ხასიათისა.
თუ იტალიაში კედლისა და დაზგის მხატვრობა ერთნაირად ვითარდებოდა, ჩრდილოეთში ძირითადად დაზგის მხატვრობა იყო. საკურთხევლის სურათებსაც დაფებზე ასრულებდნენ. “დაფის ფერწერა”, დაზგური ხელოვნების ცალკე დარგი, რაც დახვეწილი სახების, პეიზაჟის, სიტუაციების, ჟანრული მრავალფეროვნების შექმნის საშუალებას იძლეოდა, უშუალოდ რენესანსიდან იწყებს განვითარებას და უტილიტარულ ხასიათს ატარებს, აქედანვე განვითარდა ზეთის საღებავის ახალი ტექნიკა გრავიურა ხეზე, ქვაზე, სპილენძსა თუ სპილოს ძვალზე, გრაფიკა, მინის მხატვრობა, ემალი, მინიატურის ნაირსახეობა, რაც არსებითად განსხვავდება, მაგალითად, ვატიკანის ფრესკებისაგან...
ეს ხელოვნება, მეტად გრავიურა, დიურერმა აიყვანა უმაღლეს დონეზე. ადრეული, შუა საუკუნეების, გოტიკის “დახუთული”, უჰაერო მინიატურებიდან, მოწამეთა სათნო სახებიდან მხატვრობა თანდათანობით გადადის ამაღლებულ საგნებზე, ბუნების ჩვენებაზე ადამიანებთან კავშირში, ძლიერ სახეთა შექმნაზე, ადამიანის-მეტადრე ქალის-მშვენიერების ასახვაზე, ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. ძალაში შედის პერსპექტივის და გეომეტრიულად სწორი პროპორციის პრობლემა, ოსტატები გადადიან ზეთის საღებავებზე. მაგრამ მთავარი მაინც შინაარსი და ასახვის სიღრმე და არა ტექნიკური, თუ ჟანრობრივი ნაირსახეობები.
საყოველთაო გამოცოცხლებას, აღამავლობას, აზრის წინსვლას, რომლის უღლის გადაგდების გაბედულ ცდას, გოტიკური თაღების მრუმე ტალანებიდან ახალი დროის შუქზე გამოსვლის მისწრაფებას თავისი შედეგები მოჰყვა. გერმანიასა და საერთოდ, ჩრდილოეთის ქვეყნებში ხელოვნებამ მანამდე არნახულ აყვავებას მიაღწია.
არასოდეს ყოფილა გერმანია მხატვრებით ისე მდიდარი, როგორც XVI საუკუნის დასაწყისში. ამ აყვავებას ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა გადგმული ეპოქის მღელვარე მოვლენებში. ეს იყო მებრძოლი, ნათელი, თანაც ტრაგიკული ეპოქა. გერმანიის თავზე გადაიარეს გლეხთა ომებისა და რეფორმაციის აპოკალიფსურმა მხედრებმა. დიურერის “დრაკონთან მებრძოლი მთავარანგელოზი, თუ აპოკალფსის მხედრებიც ამ ცეცხლოვან ფონზე იხატებოდა.
ახალი ტერმინი “ჩრდილოეთის აღორძინება” გულისხმობს იმ ქვეყნების ხელოვნების აღორძინებას, რომლებიც იტალიის (ალპების) ჩრდილოეთით მდებარეობენ. (საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები.) ხელოვნებათმცოდნეობაში დადგენილი ეს ტერმინი არ ემთხვევა ზუსტად “ჩრდილოეთ ევროპის” გეოგრაფიულ ცნებას და გამოხატავს კულტურულ - ისტორიულ ვითარებას რაც ამ ქვეყნებში მოხდა რეფორმაციის საუკუნეში.
ძალზე მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და მეცნიერების ურთიერთობის პრობლემა. ამაზე იწერება წიგნები. ხელოვნებას თვლიან თავისებურ მეცნიერებად, ასახვის მეცნიერებად. ყოველ შემთხვევაში, მათი მჭიდრო კავშირი უდავოა და ამ კავშირის ბურჯებია სამხრეთში ლეონარდო, ჩრდილოეთში _ დიურერი. ჩრდილოეთის აღორძინება უდავოდ არსებობდა. ახალი ჰუმანური იდეების ქადაგება, ახალი ადამიანის მიგნება, ჰოლბაინისა და დიურერის მტკიცე, მოაზროვნე სახეები _ რა არის ეს, თუ არა აღორძინება? ეს სახეებიც და მათი ამსახველნიც შვა რეფორმაციამ, მორიგმა რევოლუციურმა ძვრამ უსაფუძვლოდ როდი ჩაიარა, ამიტომაც უწოდებდნენ ჩრდილოეთის აღორძინების მხატვრობას, რეფორმაციის ხელოვნებას.
ძლიერი იყო შუა საუკუნეების ხელოვანთა ზეგავლენის ძალა, რასაც თავს ვერ აღწევდნენ თვით ჩრდილოეთის დიდოსტატები _ დიურერი ბრეიგელი (უფროსი) გრიუნევალდი. ამიტომაც ახალ მხატვრობას ზოგი თვლის კიდევ გვიანდელი გოტიკის ახალ საფეხურად, ან მის შედეგად, მემკვიდრედ.... მაგრამ ასე რომ ყოველი მომდევნო თაობა მემკვიდრეა წინა თაობისა!
www.google.ge
No comments:
Post a Comment